BitCamp Kids იწყება

ოთარ ზაკალაშვილი

ოთარ ზაკალაშვილი

BitCamp Kids იწყება

რატომ გადავწყვიტეთ BitCamp Kids - ის დაწყება?

4 წელზე მეტი გავიდა რაც BitCamp დავიწყეთ. მაშინ ჩემი მთავარი მიზანი კარგი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა იყო. რადგან ტექნოლოგიების სფეროში ვმოღვაწეობდი პროგრამისტად და საკმაო გამოცდილებაც დავაგროვე (10+ წელი), გადავწყვიტე ბევრი სხვა ადამიანისთვის გამეზიარებინა ის.

ბევრისთვის საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემი ისტორია - თუ როგორ დავიწყე მუშაობა საქართველოდან გაუსვლელად ევროპასა და ამერიკაში - ისე რომ დიდი დიღმის ტერიტორიიდან ფეხიც არ გამიდგამს.

ამ ადამიანებს შევთავაზე სასწავლო პროგრამა რომელსაც წლების განმავლობაში ვამუშავებდი. ამასთან ერთად კი ჩემი Facebook პოსტებით, Youtube ვიდეოებით თუ სხვა აქტივობით ვცდილობდი ყველასთვის გამეზაირებინა ჩემი გამოცდილება და ამას ვაკეთებდი მხოლოდ იმიტომ რომ მსურდა იგივე გზის გავლაში სხვებს დავხმარებოდი.

ჩვენი ორგანიზაციის ისტორია ძალიან საინტერესოდ და მრავაფეროვანი წარმატებით განვითარდა, უამრავი ადამიანი აგვყვა და დღეს მხოლოდ ჩვენს Facebook ჯგუფში 55 ათასი წევრი იყრის თავს. ჩემდა გასაოცრად სრულიად უცხო ადამიანები მწერენ, ქუჩაში თუ სხვა ადგილებში მხვდებიან და მადლობას მიხდიან. ეს იმდენად მოულოდნელია ხოლმე ჩემთვის რომ ძალიან ვიბნევი და ხშირად წესიერად პასუხის გაცემაც მიჭირს მათთვის.

ეს ყველაფერი ერთის მხრივ ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს, თუმცა მეორეს მხრივ უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და რადგან განათლების სფეროში ასეთი წარმატებული, 1 ნაბიჯი გადავდგი და ხალხის ნდობა დავიმსახურე, დროა კიდევ უფრო მეტი ღირებულების შექმნისკენ გადავდგა ნაბიჯი და BitCamp - ში დაგროვილი ნდობა, გამოცდილება და ნებისმიერი სხვა რესურსი ახალი მწვერვალების დასაპყრობად მივმართო.

რა თქმა უნდა ყველაფერი იდეალურად არ არის და ვფიქრობ ქართული საგანმანათლებლო ბაზარი დიდი გამოწვევებისა და არასტაბილურობის წინაშე დგას.

საქმე იმაშია რომ Covid პანდემიის პერიოდში, დისტანციურად მუშაობის იდეამ იფეთქა მთელ მსოფლიოში და პროგრამისტის პროფესია ამ მხრივ იდეალური აღმოჩნდა. თან მაღალანაზღაურებადი პროგრამისტების რაოდენობამაც იმატა ქართულ ტექნოლოგიურ საზოგადოებაშიც და ბევრი ადამიანისთვის ეს საქმე იმედის მომცემ მომავალ პროფესიად გადაიქცა.

რადგან ძალიან ბევრ ადამიანს ჭკუაში დაუჯდა პროგრამირების სწავლა (რაც კარგია), ბაზარზე გაჩნდა ძალიან ბევრი სასწავლო ცენტრი რომელიც ადამიანებს უზრუნველ მომავალსა და სწრაფ გამდიდრებას ჰპირდებიან (რაც ცუდია).

სინამდვილეში რეალობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ისეთი რომ წარმატების მიღწევა არ არის მარტივი და მას სჭირდება ძალიან ბევრი შრომა. თუმცა ეს რეალობა არ აფერხებს არაკეთილსინდისიერ სასწავლო ცენტრებს და იმის გამო რომ ადამიანებს მოსწონთ სწრაფი გამდიდრების იდეა, გაბერილი ფასებითა და კარგად შეფუთული ილუზიებით ერეკებიან ისეთ ხალხს ამ სფეროში ვისთვისაც შეიძლება სურაც არ არის ეს პროფესია.

ამიტომ BitCamp - ში გადავწყვიტეთ ამ პრობლემას საფუძველშივე შევეჭიდოთ. უფრო კონკრეტულად კი გაცილებით დაბალი ასაკიდან გავაცნოთ ადამიანებს პროგრამირებისა და ტექნოლოგიების მრავალფეროვანი სამყარო. გვსურს ბავშვებმა განვითარების ადრეული პერიოდიდანვე გაიგონ რა არის რეალობა და თავიდანვე იცოდნენ როგორი პროფესიაა პროგრამისტობა. გვინდა რომ ბავშვებსა და მშობლებს უაზროდ ძვირი არ უჯდებოდეთ ამ საგნის შესწავლა და ყველა მსურველს შეეძლოს საფუძვლების ათვისება.

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს პროგრამირება?

თითქოს ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. თუ პროგრამისტობა მაღალანაზღაურებადი პროფესიაა და ყველა მშობელს სურს საკუთარი შვილი ფინანსური კეთილდღეობის ბილიკზე დააყენოს, მაშინ მიზეზიც გასაგებია.

თუმცა ბავსვებისთვის პროგრამირების სწავლა არ უნდა დავინახოთ როგორც მომავალში პროფესიონალი პროგრამისტობისთვის მზადებად. სინამდვილეში პროგრამირება ზუსტად ისეთივე საგანი ან აქტივობაა როგორც ყველა სხვა კლასგარეშე ან საკლასო საგანი შეიძლება იყოს.

ზუსტად ისე როგორც ჩვენს შვილებს ვატარებთ ცურვაზე, ცეკვაზე, ჭადრაკზე, ფეხბურთზე და ა.შ. - პროგრამირებასაც მსგავსად უნდა შევხედოთ. ეს არის საგანმანათლებლო აქტივობა ზოგადი განათლების გასაუმჯობესებლად, გონებრივი უნარების გასავითარებლად, ეკრანებთან დროის უფრო საინტერესოდ და ღირებულად გასატარებლად, ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად და ასევე დასაკმაყოფილებლადაც.

2 შვილი მყავს, უფროსი 6 წლისაა და უკვე დავაწყებინე პროგრამირების სხვა და სხვა აქტივობებით გართობა და ამით სიამოვნების მიღება. მან არც კი იცის რომ ეს პროგრამირება სერიოზული და მეტად საპასუხისმგებლო პროფესიაა. მისთვის ეს მამიკოსთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარების, გართობის და სამყაროს შეცნობის საშუალებაა. მინდა რომ BitCamp Kids - ით ზუსტად ასეთივე სიხარული შემოვიტანო ყველა ქართულ ოჯახში, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში რომ მშობლების უმეტესობა დაკავებულია და არ აქვთ იმის ფუფუნება რომ ბავშვებს ასეთ აქტივობები თავად შესთავაზონ.

რას ისწავლიან ბავშვები?

BitCamp Kids - ში ბავშვები გაეცნობიან პროგრამირების საფუძვლებს, ისწავლიან გრაფიკულ პროგრამირებას, მარტივი თამაშების შექმნად და ვებ-საიტების დეველოპმენტს.

ჩვენი პროგრამა რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი:

  • I ეტაპი - პროგრამირების საფუძვლების შესწავლა სახალისო თამაშებითა და აქტივობებით.
  • II ეტაპი - გრაფიკული პროგრამირება და მცირე ზომის თამაშების შექმნა;

პირველი ორი ეტაპი ემსახურება ბავშვისთვის პროგრამირების სამყაროს გაცნობას და აუცილებელი იარაღების შესწავლასა და ათვისებას. მომდევნო ეტაპებზე კი ბავშვებს საშუალება ექნებათ თავად აარჩიონ რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება:

  • გრაფიკული პრგორგამირებისა და თამაშების შექმნის ეტაპი;
  • ვებ-საიტების დეველოპმენტის ეტაპი;
  • ROBLOX - ის სამყაროში პროგრამირებისა და საკუთარი პროექტების/თამაშების შექმნის ეტაპი;
  • რობოტიკისა და ფიზიკური მოწყობილობების პროგრამირების ეტაპი;
  • ალგორითმებისა და სპორტული პროგრამირების ეტაპი;

როდის იწყება BitCamp Kids?

საბავშვო პროგრამების I ეტაპზე სწავლა 2024 წლის 15 იანვირდან დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში განვითარდება.

პირველ ნაკადზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყება საახალწლო პერიოდში და გაგრძელდება 15 იანვრამდე.

როგორ წარიმართება სასწავლო პროცესი?

სასწავლო სეზონს დავიწყებთ გახსნის ცერემონიით სადაც შევკრებთ მშობლებსა და ბავშვებს. ამ ღონისძიებაზე გაგაცნობთ ჩვენს სასწავლო პლათფორმებს, პროექტებს რომლებსაც თქვენი შვილები შექმნიან, მასწავლებლებს რომლებიც მუდმივ რეჟმში იმუშავებენ მათთან და ვუპასუხებთ თქვენს კითხვებს.

გახსნის ცერემონიის შემდეგ კი დაიწყება პირველი სასწავლო კვირა. ყოველი მომდევნო კვირის განმავლობაში მოსწავლეებს ჩაუტარდებათ 1 თეორიული და 2 პრაქტიკული გაკვეთილი. გაკვეთლები გადანაწილებული იქნება კვირის დღეებზე თუმცა იმ დღეებში როცა გაკვეთილები არ ტარდება, მოსწავლეებს მაინც ექნებათ მასწავლებლებთან კომუნიკაციის, კითხვების დასმისა და დავალებების კეთებისას დახმარების მიღების საშუალება.

გახსნის ცერემონია გაიმართება 13 იანვარს, შაბათს, 15:00 - ზე, ტერმინალის საერთო სამუშაო სივრცის საკონფერენციო დარბაზში. მისამართ: აბაშიძის #34.

გახსნის ცერემონიაზე ვეპატიჟებით ყველა მოსწავლეს მშობლებთან ერთად.

რა იქნება BitCamp Kids - ში სწავლის საფასური?

როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, ჩვენთვის ძალიან მნშვნელოვანია ყველა ბავშვს შევთავაზოთ პროგრამირების სწავლისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობა.

ჩვენ გვსურს რომ ამ საგნის შესწავლა არ იყოს ფუფუნების საგანი. გვსურს დავეხმაროთ ყველა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ოჯახში მყოფ ბავშვს. ჩვენ გვსურს გავარღვიოთ ყველა საზღვარი, სტერეოტიპი და დაბრკოლება. ჩვენ გვინდა რომ ყველა ქალაქში, რეგიონსა თუ სოფელში, ყველა ბავშვს შეეძლოს პროგრამირების სწავლა.

სწორედ ამიტომ ჩვენთან სწავლის საფასური თვეში მხოლოდ 50 ლარი იქნება, სწავლა კი სრულიად დისტანციური.

👨‍👩‍👧‍👦 გსურთ მოხვდეთ BitCamp Kids - ის გახნის ცერემონიაზე?

👇 შეავსეთ ფორმა თქვენი მონაცემებით. ჩვენ მოგიწვევთ და შეგახსენებთ ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე